რომელ სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება?

სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება:

ა) მოქლაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებზე (პარტიები);

ბ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრულ პირებზე (გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებენ), რომლებზეც ვრცელდება კანონით პოლიტიკური გაერთიანებებისათვის დადგენილი შეზღუდვები;

გ) საინიციატივო ჯგუფებსა და დამოუკიდებელი კანდიდატებზე;

დ) სხვა სბიექტებზე (მესამე პირები, მათ შორის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც პარტიას ან 261 მუხლით განსაზღვრულ პირებს გადასცემენ ან მათგან მიიღებენ ქონებას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პოლიტიკური სუბიექტების ქონების ფორმირების წყაროებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შემოწირულობას. პირთა აღნიშნული კატეგორია, ასევე მოიაზრება პარტიათა ფინანსური მონიტორინგის ურთიერთობათა მონაწილე სუბიექტებად, რაც განპირობებულია მათ მიერ გამოვლენილი ისეთი პოლიტიკური აქტივობით, როგორიცაა შემოწირულობის განხორციელება ან რომელთა მიზანია კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდება.

რა მანდატი აქვს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს?

პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სისტემის დახვეწის მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შემოღებულ იქნა პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დაფინანსებაზე საზოგადოებრივ კონტროლს - პოლიტიკური გაერთიანებების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის მანდატი მიენიჭა საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციას - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კერძოდ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურს.

რომელი პოლიტიკური გაერთიანებები და რა წესით იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას?

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი. საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან.

რომელი დეკლარაციის ტიპები და ფორმები არსებობს?

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებითვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილია წლიური და საარცევნო პერიოდის დეკლარაციები. თითოეული დეკლარაციია მოიცავს რამდენიმე ანგარიშის ფორმას, რომელიც გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანების შესაბამისად უნდა იქნეს შევსებული. გარდა ამისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილია შემოწირულებებისა და ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ინფორმაციის წარმოდგენის ფორმები.

რა ვადაებია დეკლარაციების წარმოდგენაზე დადგენილი?

პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი და გასავალი, აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში.

საარჩევნო პერიოდში არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ საინიციატივო ჯგუფები და ყველა პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენენ ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით და გრაფიკით.

თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

რა შემთხვევაში არ არის ვალდებული პარტია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა?

იმ პარტიას, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, უფლება აქვს, წლიური საფინანსო დეკლარაცია წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

ანგარიშბრუნვის არ არსებობის შემთხვევაში რა ფორმით ხდება ინფორმაციის მოწოდება?

ანგარიშბრუნვის არ არსებობის შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის დადგენილია გამარტივებული დეკლარირების წესი და შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი განცხადების წარდგენა. ამასთან, მცირე ბრუნვის არსებობის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენისას შესაძლებელია მხოლოდ იმ ფორმების წარდგენა, რომლებიც საჭიროებს მონაცემების შევსებას.

პოლიტიკური პარტიების შესახებ რა ინფორმაციაა საჯარო და სად ხდება განთავსება?

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პასუხისმგებელია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსების გამჭვირვალობა. ამისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ.გვერდზე ქვეყნდება ყველანაირი ფინანსური ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია სუბიექტის მიერ, მათ შორის საჯაროა შემომწირველების სიაც, სრული სახელი/გვარისა და პირადი ნომრის მითითებით. ამასთან, აუდიტის სამსახური პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს და მონიტორინგის შედეგებს. შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია ასევე თავსდება www.data.gov.ge-ზეც.

რა პერიოდის ინფორმაციაა დაცული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მონიტორინგის განხორციელების მანდატი განისაზღვრა 2011 წლის 29 დეკემბრიდან. შესაბამისად 2011 წლის მონაცემებს მოიცავს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშები სრულად არის წარმოდგენილი სამსახურის ვებ.გვერდზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებული საქმეების შესწავლის ვადა განსაზღვრულია 6 წლით.

ვინ შეიძლება იყოს და რა შემთხვევაში ცნობს აუდიტის სამსახური იურიდიულ/ფიზიკურ პირს მონიტორინგის სუბიექტად?

მონიტორინგის სუბიექტი გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და საარჩევნო სუბიექტისა შესაძლებელია იყოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

მონიტორინგის სუბიექტი შესაძლებელია იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საჯაროდ აქვს დაფიქსირებული არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი და განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

აღნიშნულ პირზე ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის დადგენილი შეზღუდვები, რომლის მიზანია პარტიის და განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში რა სანქცია ეკისრება ანგარიშვალდებულ პირს?

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებით დადგენილია სხვადასხვა ტიპის სანქციები:

აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღების, განხორციელებისა თუ მიღებული შემოწირულების დამალვისათვის გათვალისწინებულია თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში 5000, 2000, 1500 ან 1000 ლარის ჯარიმები.

რა რეგულაციები არსებობს საარჩევნო კამპანიის ფონდთან დაკავშირებით?

საარჩევნო სუბიექტისთვის სავალდებულოა საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა.დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა. საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში იხსნება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში. პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მისი მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი. თუ პოლიტიკური პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან.

საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, დამოუკიდებელი კანდიდატი) ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის შესახებ (რეკვიზიტები), საიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსება, აგრეთვე აცნობოს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები.

საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 დღის ვადაში.

საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება დაუშვებელია. შესაბამისი ფონდის გახსნის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან.

საარჩევნო სუბიექტის ფინანსური ვალდებულებები, რომელთა დაფარვის ვადაც დადგება საარჩევნო სუბიექტის ფონდის ფორმირების შემდეგ, უნდა დაიფაროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ფონდის სახსრებიდან.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის დახურვის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ამავე ანგარიშზე ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრები განათავსოს შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების ანგარიშზე მათი შემდგომი განკარგვის მიზნით.

როგორ უნდა განხორციელდეს შემოწირულება/საწევრო შენატანი?

პარტიის მიერ საწევრო შენატანები და შემოწირულებები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. გადარიცხვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში არსებული, შემომწირველის ან საწევრო შენატანის განმახორციელებელი პირის კუთვნილი ანგარიშიდან.

პარტია ვალდებულია შემოწირულების ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული ფორმით აცნობოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული შემოწირულების შესახებ.

რამდენ ლარს შეადგენს შემოწირულების და საწევრო შენატანის წლიური ზღვრული ოდენობა?

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს. მოქალაქემ და იურიდიულმა პირმა შემოწირულებები შეიძლება განახორციელონ წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ აღნიშნულ შემოწირულებათა საერთო ოდენობები არ უნდა აღემატებოდეს მათთვის ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობებს. ამასთანავე, ერთი ბენეფიციარის მიერ სხვადასხვა იურიდიული პირის მეშვეობით პარტიებისთვის განხორციელებული შემოწირულებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირის მიერ პარტიისთვის განხორციელებული შემოწირულების დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

ვინ არის უფლებამოსილი განახორციელოს შემოწირულება?

საქართველოს მოქალაქე და ის იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

აკრძალულია შემოწირულების განხორციელება სახელმწიფო ორგანოსაგან, სახელმწიფო ორგანიზაციისაგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისაგან, არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან.

რა წესით ხორციელდება ნაღდი ფულის გამოტანა პოლიტიკური პარტიის საბანკო ანგარიშიდან?

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) ვალდებულია საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განახორციელოს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით. უნაღდო ანგარიშსწორების წესი არ ვრცელდება პარტიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე შესაბამისი ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, სამივლინებო თანხები) გაცემაზე, აგრეთვე თუ მიღებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების საერთო ღირებულება ერთი უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე არ აღემატება 1,000 ლარს.

პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საარჩევნო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მოქმედებს 3-კვირიანი პერიოდის დეკლარაციების წარმოდგენასთან ერთად.

ინფორმაციის შინაარსი, რომელიც უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, განისაზღვრება ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად. ამ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფორმით – ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info–cpu@sao.ge, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. თუ ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი ფორმით, მაშინ შეტყობინების ჩაბარებად ითვლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კორესპონდენციის მიღება. ელექტრონული ფორმით შეტყობინების მიღება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება.

როგორ ხორციელდება საარჩევნო რეკლამის დეკლარირება?

წინასაარჩევო რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსების ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტებმა ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი პერიოდის 3-კვირიან დეკლარაციებთან ერთად ფორმა N5.5-ის შესაბამისად.

საკითხის შესწავლის დროს რისი უფლება აქვს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და რა პროცედურები ხორციელდება საქმის გამოსაკვლევად?

საკითხის შესწავლის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიებისათვის და ამ კანონის 261 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის შემომწირველი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ; მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები; დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს;

მონიტორინგის სამსახურის მანდატი ითვალისწინებს მონიტორინგს პოლიტიკური დაფინანსების საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობაში განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის სამსახურის მიერ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების ანალიზს, პარტიების ვებ-გვერდების, გამოცემებისა და სოციალურ ქსელების (მაგ: facebook ან twitter) მონიტორინგს. მიმდინარე მონიტორინგი ასევე მოიცავს ნებისმიერი საჩივრის ან მიმართვის შემოწმებას, რომელიც სამსახურმა შეიძლება მიიღოს კანონის პოტენციური დარღვევის შესახებ ინფორმაციით მესამე პირებისგან.

რა პროცედურები ვრცელდება ფინანსური მონიტორინგის სამსასხურის მიერ მოწმის სახით დაბარებული პირის მიმართ და რა კითხვები დაისმის გამოკითხვის დროს?

მონიტორინგის სამსახურის მიერ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა და შეფასება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი საშუალებებით. თუკი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საკითხის გამორკვევა საჭიროებს ინფორმაციის მიღებას ახსნა-განმარტების ჩამორთმევის საშუალებით, ასეთ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურმა უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პროცედურებით. ახსნა-განმარტების მექანიზმი უკავშირდება პირის მოწვევას შესაბამისი ინფორმაციის წარმოსადგენად. გამოკითხვა ტარდება მას შემდეგ, რაც მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, პოტენციური დარღვევის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რის არსებობაზეც მონიტორინგის სასმსახურს გააჩნია გონივრული ეჭვი. გამოკითხვების მიზანია, დამატებითი ინფორმაციის ცხადყოფა შესწავლის საკითხზე ფიზიკური პირის ამ საქმეში მონაწილეობიდან გამომდინარე. 
პირის მოწვევა ახსნა-განმარტების მისაღებად შესაძლებელია მოხდეს ადრესატისთვის წერილის გაგზავნით ან ტექნიკური საშუალებით. უწყება უნდა შეიცავდეს: მოსაწვევი პირის ვინაობას; იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, სადაც პირი მოწვეულია; მითითებას გამოცხადების დროის და ადგილის შესახებ; მითითებას იმ გარემოებების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც იწვევენ პირს; მითითებას იმის შესახებ, თუ რა სტატუსით ხდება პირისგან ინფორმაციის გამოთხოვა; მოწვეული პირის უფლება-მოვალეობანი.

მოწმისთვის მინიჭებული უფლებები ითვალისწინებს ადვოკატის, თარჯიმნის ყოლის უფლებას; ხელთ არსებული დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენების უფლებას; საკუთარი მონაწილებით შედგენილი ოქმის გაცნობისა და მასში შენიშვნების ასახვის უფლებას.

მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი უნდა გაეცნოს გასაუბრებაზე მოწვეულ პირს გასაუბრების დაწყებისთანავე; ვალდებულია განუმარტოს პირს უფლება-მოვალეობები.

გამოკითხვაზე დასმული კითხვები მიმართული უნდა იყოს საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვებაზე; კითხვები არ უნდა იყოს პირადი ინფორმაციის მოძიებაზე მიმართული, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიურ მრწამსის და ა.შ. შესახებ, რაც საქმესთან კავშირში არა არის. შეუძლებელია გასაუბრების მიმდინარეობის დროის წინასწარ განსაზღვრა, რადგან ის დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე თუ რა სამხილს ფლობს გამოსაკითხი პირი, როგორ თანამშრომლობს ის ინტერვიუერთან და როგორ პასუხობს კითხვებს. საქართველოს კანონის თანახმად, მოწმე თვითონ წერილობით ავსებს გამოკითხვის ოქმს და ადასტურების მის სისწორეს საკუთარი ხელმოწერით. 
საქართველოს კანონით დადგენილი ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას წერილობითი ოქმის შედგენასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აწარმოებს გამოკითხვის პროცედურების ჩაწერას აუდიო-ვიდეო მოწყობილობებით. ჩანაწერები კონფიდენციალურია და ინახება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქმის მასალებთან ერთად.