საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

მუხლი 2
პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

მუხლი 3
პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;
ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

მუხლი 4
პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

მუხლი 5
1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები

1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პოლიტიკური გაერთიანების ფონდიდან – თუ პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში/რეფერენდუმში;

ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და
მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება.

5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული. 

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

მიმაგრებული ფაილები

კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო, რომელიც ახორციელებს აუდიტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართევლოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან /და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.

სახელმწიფო აუდიტის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება, მხოლოდ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით.

საქართველოს კონსტიტუცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური მანდატი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლით

 მუხლი 97

  1. საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. იგი უფლებამოსილია აგრეთვე შეამოწმოს საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობა, წარუდგინოს პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები.

  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო აუდიტი სსამსახურის გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები და წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და კანონით.

  3. წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ - თავისი საქმიანობის ანგარიშს.

  4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზაცია და საქმიანობის წესი, დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება კანონით.

  5. სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება კანონის შესაბამისად.

მიმაგრებული ფაილები